ჩვენ შესახებ

"საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი" დაარსდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს,  ქ. თბილისის მერიისა და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ხელშეწყობით. ფონდის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია პროფესორი მანანა დოიჯაშვილი (ვებ-გვერდი განახლების პროცესშია).

ფონდის მიზანია ქართული საშემსრულებლო სკოლის განვითარება, მუსიკალური კონკურსებისა და ფესტივალების მოწყობა, საქართველოში კულტურული ცხოვრების განვითარების ხელშემწყობი სხვადასხვა სახის ღონისძიებათა განხორციელება, ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების გამოვლენა და მათი პროფესიული წინსვლის წახალისება. ფონდის ძირითადი ამოცანაა დაეხმაროს ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლებს წარმოჩენასა და   შემოქმედებითი კარიერის წარმართვაში.

არსებობის მანძილზე, ფონდის მიერ დაარსდა - "პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი" (1997, 2001, 2005, 2009, 2013 წწ.) , "საქართველოს მუსიკოს- შემსრულებელთა კონკურსი" (1995, 1999, 2003, 2007, 2011, 2015 წწ.), "ფრანსუა ლოლოს სახელობის ჩასაბერ საკრავთა კონკურსი" (2001, 2002, 2003, 2004, 2005 წწ.) და  „ფრედერიკ შოპენის სახელობის ნორჩ პიანისტთა კონკურსი“(2008, 2010, 2013, 2015 წწ.).კონკურსის ფარგლებში, ტრადიციულად,  ჟიურის წევრები და მოწვეული სტუმრები ატარებენ მასტერკლასებს.

ზემოაღნიშნული კონკურსების მონაწილეთა დიდი ნაწილი დღეს უკვე მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსი, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატია.

"პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი" 2002 წლიდან `ჟენევის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების მსოფლიო ფედერაციის (WFIMC)-ის წევრი-კონკურსია.  2008 წელს თბილისში, პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსის მასპინძლობით ჩატარდა WFIMC-ის  52-ე გენერალური ასამბლეა.